კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერისა და განვითარებისთვის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტი აერთიანებს მოქნილ სერვისებს და კონსულტაციებს საგრანტო დაფინანსების მოზიდვის, კვლევების მენეჯმენტის და გრანტების ადმინისტრირების მიმართულებით.
2018 წელს უნივერსიტეტში შეიქმნა საგრანტო დაფინანსების სისტემა, რომელიც ეფუძნება საჯაროობის, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებს. გრანტები ცხადდება ღია კონკურსის წესით და მასში მონაწილეობის უფლება აქვს უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს CIU-ს სტუდენტების ან/და კურსდამთავრებულების მონაწილეობით. 2023 წლამდე კონკურსები მოიცავდა მცირე სამეცნიერო გრანტებსა და გრანტებს ფუნდამენტური კვლევებისთვის. საგრანტო კონკურსების მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ახალი იდეების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების შესწავლას. კვლევა გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა წარმოადგენდეს სოციალურ-პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან/და კულტურული პროგრესის საფუძველს. კვლევები ხელს უწყობს კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, გამორჩეული ხარისხის კვლევების განვითარებას, კვლევების მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან, კვლევის შედეგების ინტეგრაციას სასწავლო პროცესში და ახალგაზრდა მკვლევარების სამეცნიერო პოტენციალის ზრდას მათი ჩართვით კვლევაში.
2018 - 2024 წლებში უნივერსიტეტის აფილირებული აკადემიური პერსონალის მიერ მოზიდულია 38 აკადემიური-კვლევითი გრანტი, ჯამში 2,2 მლნ. ლარზე მეტი. კვლევებში აკადემიურ პერსონალთან ერთად მოზიდულები და ჩართულები არიან ახალგაზრდა მეცნიერები და სტუდენტები ძირითადი ან დამხმარე პერსონალის სტატუსით.
გარდა ამისა, 2018 - 2024 წლებში 40 კვლევა განხორციელდა საერთაშორისო მკვლევართა გუნდებთან კოლაბორაციით, რომლებიც მხარდაჭერილი იყო 23 საერთაშორისო და ერთი ადგილობრივი ფონდის და/ან ეკონომიკური აგენტის მიერ.
კვლევითი გრანტების ფარგლებში უნივერსიტეტში მიმდინარეობს 12 კვლევა (ჯამური ბიუჯეტით 1 106 800 ლარი), რომლებიც ხორციელდება საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან და მეცნიერებთან ერთად.