აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა კადრების მოზიდვა და ჩართვა სამეცნიერო და კვლევით საქმიანობაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. უნივერსიტეტში 2018 წლიდან განვითარებული საგრანტო დაფინანსების სისტემა მოიცავს მათზე მორგებულ პირობებს და მხარდამჭერ და წამახალისებელ მექანიზმებს, კერძოდ:
1. უნივერსიტეტის ფუნდამენტური კვლევების გრანტების და მცირე სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში სავალდებულოა პროექტის ძირითად პერსონალში ახალგაზრდა მკვლევრების ჩართვა უნივერსიტეტიდან – არანაკლებ ერთი ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, რეზიდენტურის ან დოქტორანტურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი. ასევე, შესაძლებელია, ჩართული იყოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ბაკალავრი, მაგისტრი, ან დოქტორი, რომელთა აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 7 წელი.
2. ახალგაზრდა მეცნიერების/მკვლევრების ინიციატივების მხარდაჭერა და თანადაფინანსება სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ფონდებიდან სამეცნიერო გრანტების მოსაზიდად - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აფილირებული აკადემიური პერსონალი ხელმძღვანელობს/მენტორობს CIU-ს სტუდენტების და კურსდამთავრებულისთვის, რომლებიც ცდილობენ დაფინანსების მოპოვებას სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებისგან სამეცნიერო პროექტების განსახორციელებლად. აკადემიური პერსონალის მიერ სტუდენტთა სამეცნიერო პროექტების მომზადების ხელმძღვანელობა წახალისებულია სამეცნიერო პრემიით.
3. სამეცნიერო პრემია „თამარი“ ახალგაზრდა მეცნიერებისთვის 2017 წლიდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დააწესა სამეცნიერო პრემია „თამარი“, რომელიც გაიცემა ორ წელიწადში ერთხელ. კონკურსის პირობების მიხედვით, უნივერსიტეტი აჯილდოებს ერთ ახალგაზრდა მეცნიერს.
4. ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტთა ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - უნივერსიტეტი ყოველწლიურად ახორციელებს სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას, რომლის შედეგადაც სტუდენტებს საშუალება აქვთ ხელმძღვანელებთან ერთად იმუშაონ კვლევით პროექტებზე. კონფერენცია ერთი მხრივ მიმართულია სტუდენტთა კვლევითი უნარების ამაღლებისა და მათი დაინტერესებისთვის სამეცნიერო კარიერით, ხოლო მეორე მხრივ ხელს უწყობს ცოდნის ტრანსფერს და მეცნიერების პოპულარიზაციას სტუდენტებში.
5. 2024 და 2025-2027 წლების სტრატეგიული და სამოქმედო გეგმებით განსაზღვრულია, კვლევითი პრიორიტეტების შესაბამისად, კომპლექსური აქტივობები სადოქტორო კვლევების ხელმძღვანელებისა და დოქტორანტების კარიერული წინსვლის მხარდასაჭერად რაც მოიცავს: სამეცნიერო ხელმძღვანელებისთვის გზამკვლევების შექმნას; უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ტრენინგების ციკლის უზრუნველყოფას დისერტაციის ხელმძღვანელობის შესახებ; Post-doc სისტემის მექამიზმების შექმნას და სამეცნიერო ხელმძღვანელებისა და დოქტორანტებისთვის მკვლევართა კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმის სახელმძღვანელო დოკუმენტის შექმნას.