3 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) სამეცნიერო პრემია „თამარის“ რიგით მესამე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, კახაბერ კორძაია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, როინ მეტრეველი, სასულიერო აკადემიის რექტორი, პროტოპრესვიტერი, მამა გიორგი ზვიადაძე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე და CIU-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სესილი გოგიბერიძე.
სამეცნიერო პრემია „თამარი“ კონკურსის წესით გაიცა:
I პრემიის მფლობელი მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელი, დეკანის მოადგილე სამეცნიერო მიმართულებით, აგრარულ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, პროფესორი დავით მაღრაძე გახდა,
II პრემია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, CIU-ს ასოცირებულ პროფესორს, სოფიო კასრაძეს ერგო,
III პრემია კი საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელს, პროფესორს, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორ ვახტანგ მაისაიას გადაეცა.
პრემია ახალგაზრდა მეცნიერისთვის გადაეცა სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს, დოქტორანტ თამთა წირქვაძეს, ხოლო სამეცნიერო დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის (კონსტიტუციონალიზმი) ჯილდო აკადემიკოსმა მინდია უგრეხელიძემ და ასოცირებულმა პროფესორმა ბექა ქანთარიამ მოიპოვეს.
დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო წერეთელმა.
გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო (სამეცნიერო დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ორივე კონკურსანტს 3000/3000 ლარი გადაეცათ, I პრემია - 3000 ლარი, II პრემია - 2000 ლარი, III პრემია - 1500 ლარი, IV პრემია - ახალგაზრდა მეცნიერისთვის 1000 ლარი) და კომპანია „ზარაფხანას“ მიერ დამზადებული მოოქროვილი მედლები გადაეცათ.
გამარჯვებულებს ჯილდოს მიღება მიულოცა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელმა, კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ.
სამეცნიერო პრემია „თამარის“ დაჯილდოების ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების, ასევე საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამეცნიერო აქტიურიბისთვის მადლობა გამოეცხადა უნივერსიტეტის 10 აკადემიური პერსონალს, კერძოდ:
1. ოლანი გოცირიძე - მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
2. შენგელი კიკილაშვილი - მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ასისტენტი;
3. ალიკა გუჩუა - სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
4. ზაზა ცოტნიაშვილი - სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
5. ნინო მინდიაშვილი - სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
6. ალექსანდრე რუსეცკი - სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
7. ოლგა დოროხინა - კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიის პროგრამების ხელმძღვანელი;
8. თეა კასრაძე - ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი;
9. სოფიო რიგვავა - მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
10. ნინო მურადაშვილი - მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ცნობისთვის, სამეცნიერო პრემია „თამარი“ 2017 წელს დააფუძნა, რომელიც უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერებს კონკურსის წესით სამეცნიერო აქტივობების საფუძველზე ორ წელიწადში ერთხელ ენიჭება.
სამეცნიერო პრემიას სახელწოდება კავკასიაში პროგრესული და ჰუმანური პოლიტიკის გამტარებლის, ინტელექტუალთა და ხელოვანთა მფარველის, საქართველოს მეფის - თამარის პატივსაცემად ეწოდა, აღნიშნული ინიციატივა კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით განხორციელდა.
თამარ მეფის სახელობის სამეცნიერო პრემია უკვე წლებია სტიმულის მიმცემია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერთათვის, რომელიც ხელს უწყობს მათ კვლევებისა და სხვა სამეცნიერო აქტივობების განსახორციელებლად.