• dateივლისი 18, 2025
    time04:00 PM

    CIU-ს სამეცნიერო პრემია „თამარის“ დაჯილდოება

    banner

    17 ივლისს სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო პრემია „თამარის“ რიგით მეოთხე დაჯილდოების ცერემონია გამართა.

    ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდნენ პრემიის ლაურეატები - პირველი პრემია გადაეცა მიკრობიოლოგ სოფიო რიგვავას, მეორე პრემიით დაჯილდოვდა მეან-გინეკოლოგი მაგდა თორთლაძე, ხოლო მესამე პრემია მიენიჭა ფილოლოგ ნინო მინდიაშვილს. ასევე პრემია „გამორჩეული სამეცნიერო მოღწევებისთვის“ გადაეცა კარდიოქირურგს, ჟენევაში მოღვაწე თორნიკე სოლოღაშვილს, ხოლო ნომინაციაში „ახალგაზრდა მეცნიერი“ დაჯილდოვდა აგრონომი შენგელი კიკილაშვილი.

    პრემიის თითოეულ გამარჯვებულს ფულადი ჯილდო და სპეციალურად შექმნილი მოოქროვილი მედალი გადაეცა.

    ღონისძიება გახსნა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსმა სესილი გოგიბერიძემ. აუდიტორიის წინაშე სიტყვით წარდგნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ წივწივაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი თეიმურაზ დოჭვირი, პოეტი ტარიელ ხარხელაური და გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი მზია ქუთათელაძე.

    ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, საქართველოს საპატრიარქოს, სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ესწრებოდა. ცნობისთვის, პრემია „თამარი“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 2017 წელს დაარსდა, სახელწოდება კი კავკასიაში პროგრესული და ჰუმანური პოლიტიკის გამტარებლის, ინტელექტუალთა და ხელოვანთა მფარველის, საქართველოს მეფის, თამარის პატივსაცემად მიენიჭა. ჯილდო გამარჯვებულებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცემათ. პრემია „თამარის“ მიზანი სამეცნიერო საქმიანობის სტიმულირება, მეცნიერთა მოტივაციის ამაღლება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა. გასული 8 წლის განმავლობაში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაფიქსირდა მნიშვნელოვანი ზრდა სამეცნიერო პუბლიკაციებსა და კვლევით აქტივობაში: საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნდა 300-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, მათ შორის 114 - Scopus-ისა და Web of Science Core Collection-ის ბაზებში; უნივერსიტეტის აფილირებულმა პერსონალმა მონაწილეობა მიიღო 130-ზე მეტ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში; 40-ზე მეტი კვლევა განხორციელდა საერთაშორისო მეცნიერებთან თანამშრომლობით; მოპოვებულია საგრანტო დაფინანსება წამყვანი საერთაშორისო ინსტიტუტებიდან, მათ შორის: „ჰორიზონტი ევროპა“, CIF, DAAD; ბოლო სამ წელიწადში შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის საგრანტო კონკურსებში გაიმარჯვა 14 პროექტმა, მათ შორის არის 5 საგრანტო პროექტი ფუნდამენტური კვლევებისთვის; დაარსდა უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალი, რომელიც უკვე ინდექსირებულია ERIH PLUS-ისა და Index Copernicus-ის სამეცნიერობაზებში.

    სხვა სიახლეები