28 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო პრემია „თამარის“ რიგით მეორე დაჯილდოების ცერემონია.
სამეცნიერო პრემია, რომელიც 2017 წელს დაფუძნდა, გათვალისწინებულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოღვაწე წარმატებული მეცნიერებისთვის, რომლებიც გამორჩეულნი არიან თავიანთი აქტიურობით, სამეცნიერო ნაშრომებით, საერთაშორისო პროექტებითა და გამოქვეყნებული პუბლიკაციებით.
ღონისძიებაზე გამოვლინდნენ I, II და III პრემიის ლაურეატები, რომლებსაც შესაბამისად 3000, 2000 და 1000 ლარი გადაეცათ, ასევე კომპანია „ზარაფხანას“ მიერ დამზადებული სპეციალური მედლები.
I პრემია გადაეცა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, მედიცინის აკადემიურ დოქტორ სოფიო კასრაძეს;
II პრემია გადაეცა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორს, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ ზაქარია ნანობაშვილს;
III პრემია ნომინაციაში „ახალგაზრდა მეცნიერი“ გადაეცა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანს, ასოცირებულ პროფესორს, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორ ირმა ბარათაშვილს.
პრემიის ლაურეატები 32 პრეტენდენტიდან შეირჩნენ, რომლებსაც 2018-2019 წლებში აქტიური სამეცნიერო მოღვაწეობა ჰქონდათ.
ცერემონიაზე სიტყვით წარსდგნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე; შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია; საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი სესილი გოგიბერიძე; ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ირაკლი ღარიბაშვილი. გამომსვლელებმა აღნიშნეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აქტიური პოლიტიკა სამეცნიერო კვლევების მიმართულებით და ამ კონტექსტში პრემია „თამარის“ მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი, რომელიც უნივერსიტეტში მოღვაწე სხვადასხვა სფეროს მეცნიერებისთვის/აკადემიური პერსონალისთვის დიდი სტიმულია.
აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო პრემიას სახელწოდება კავკასიაში პროგრესული და ჰუმანური პოლიტიკის გამტარებლის, ინტელექტუალთა და ხელოვანთა მფარველის, საქართველოს მეფის, თამარის საპატივსაცემოდ მიენიჭა.
ღონისძიებას მუსიკალურად GiGi PianoMan აფორმებდა.