• dateთებერვალი 02, 2026
    time02:00 PM

    სალენტოს უნივერსიტეტის დოქტორანტი სარა რემანი სადოქტორო კვლევას CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე ახორციელებს

    banner

    სალენტოს უნივერსიტეტის (იტალია) ბიოლოგიური და გარემოსდაცვითი მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის დოქტორანტი, წარმოშობით პაკისტანელი მკვლევარი სანა რემანი (Sana Rehman), სადოქტორო პროგრამის ფარგლებში, ექვსთვიან კვლევით მივლინებას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე გადის. მისი სადოქტორო კვლევის სახელწოდებაა „ჯიშების შერჩევისას დაბალფასიანი ფენოტიპური სკრინინგის მეთოდების განვითარება და გამოყენება მევენახეობაში“.

    კვლევითი პროცესი საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება და მას ერთობლივად ხელმძღვანელობენ პროფესორი ლაურა რუსტიონი (სალენტოს უნივერსიტეტი) და პროფესორი დავით მაღრაძე (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი). აღნიშნული პარტნიორობა სათავეს გასული წლიდან იღებს და მიზნად ისახავს, იტალიური თანამედროვე სამეცნიერო მიდგომებისა და საქართველოს უმდიდრესი ვაზის ბიომრავალფეროვნების სინთეზს.

    პროფესორ დავით მაღრაძის კვლევით ჯგუფთან მუშაობისას, სანა რემანმა ჩაატარა კვლევები ქართულ კულტივირებულ და ველურ ვაზის ჯიშებში ანთოციანინების შემცველობის დასადგენად. ასევე, განხორციელდა ექსპერიმენტები თესლის გაღივებისა და დაფესვიანების უნარის გამოსავლენად. ჩატარებული სამუშაოს საფუძველზე მომზადდა ერთობლივი სამეცნიერო სტატიები, ხოლო კვლევის შედეგები წარდგენილი იყო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე - GIESCO 2025-სა და CONAVI 2026-ზე.

    როგორც მკვლევარი აღნიშნავს, საქართველოში მუშაობამ მას შესაძლებლობა მისცა, მჭიდროდ ეთანამშრომლა ადგილობრივ სპეციალისტებთან და გაეღრმავებინა პროფესიული ცოდნა მევენახეობის ისტორიულ სამშობლოში. სამეცნიერო საქმიანობის მიღმა, სანა რემანი ხაზს უსვამს საქართველოს კულტურულ სიმდიდრეს, ბუნებრივ სილამაზესა და სტუმართმოყვარეობას, რამაც მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.