• dateოქტომბერი 15, 2026
    time08:00 PM

    CIU-ის წარმომადგენლებმა სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენცია ECCES 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    banner

    „სამედიცინო განათლების ინტერნაციონალიზაცია, ინოვაციები და აკადემიური წარმატება“ - აღნიშნულ თემატიკას მიეძღვნა 12-13 ოქტომბერს თბილისში გამართული სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენცია ECCES 2026.

     

    კონფერენცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, კენ უოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ემორის უნივერსიტეტის (აშშ) ორგანიზებითა და პარტნიორობით გაიმართა.

     

    მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, დეკანის მოადგილემ, აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა. 

     

    ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სამედიცინო განათლების სფეროს წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების WFME-ის (World Federation for Medical Education), AMEE-ის (Association for Medical Education in Europe) და AMSE-ის (Association of Medical Schools in Europe) პრეზიდენტები, ასევე ემორის უნივერსიტეტის და სხვა საერთაშორისო აკადემიური ინსტიტუციების წარმომადგენლები, ქართველი ექსპერტები და სამედიცინო განათლების სფეროს პროფესიონალები.

     

    პროგრამის ფარგლებში ჩატარდა პანელური დისკუსიები, თემატური ტრენინგები და მასტერკლასები, სადაც მონაწილეებმა, მათ შორის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სამედიცინო განათლების თანამედროვე ტენდენციებსა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

     

    ECCES 2026-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სამეცნიერო კვლევების პოსტერ-პრეზენტაციები იყო, სადაც CIU-ის წარმომადგენელმა და სტუდენტებმა საკუთარი ნაშრომი საერთაშორისო აკადემიურ საზოგადოებასა და სამედიცინო განათლების წამყვან ექსპერტებს წარუდგინეს.