კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომელი და ასისტენტ-პროფესორი, შენგელი კიკილაშვილი, სამუშაო ვიზიტით იმყოფება იტალიაში, სალენტოს უნივერსიტეტის ბიოლოგიის, გარემოს შემსწავლელი და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მევენახეობის განყოფილებაში, სადაც პროფესორ ლაურა რუსტიონის ხელმძღვანელობით მუშაობს.
ვიზიტის მთავარი მიზანია ველური (კრიკინა) და კულტივირებული ვაზის ფორმების დაფესვიანების, ასევე ვაზის წიპწების აღმოცენების უნარების შესწავლა, კვლევის თანამედროვე მეთოდების დაუფლება და ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი ექსპერიმენტების განხორციელება, რაც ვაზის დომესტიკაციის პროცესების ახსნას უწყობს ხელს.
ვიზიტის განმავლობაში, შენგელი კიკილაშვილი აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა საქმიანობაში. მან იტალიელ კოლეგებს წარუდგინა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო ჯგუფის მიერ ერთობლივი კვლევის ფარგლებში მიღებული შუალედური შედეგები, განიხილა და დაგეგმა კვლევის შემდგომი ეტაპები, მონაწილეობა მიიღო ერთობლივი სამეცნიერო სტატიის კონცეფციის შექმნასა და ახალი ცდის სქემის დამუშავებაში, ასევე დაეუფლა კვლევის გაგრძელებისთვის ინოვაციურ მეთოდიკას.
24-25 თებერვალს, სალენტოს უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო სემინარზე, შენგელი კიკილაშვილმა წარადგინა მოხსენებები თემებზე: „მევენახეობა საქართველოში“ და „ქვევრი და ქვერის ღვინის ტექნოლოგია“. გარდა ამისა, სემინარზე გამართული დეგუსტაციის დროს, წარმოდგენილი იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე დამზადებული კრიკინა (ველური ვაზის) ღვინო.
სემინარში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის მკვლევარები, დოქტორანტები და კომპანიების წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვლევებში საქართველოს მხრიდან ჩართულნი არიან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ღვინის კომპანია „შუმი“, ხოლო იტალიის მხრიდან - სალენტოს უნივერსიტეტი და CREA (იტალიის აგრარული მიმართულების სამეცნიერო ცენტრი).
ვიზიტი განხორციელდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის, ვახტანგ წივწივაძის ფინანსური მხარდაჭერით.