კონსტიტუციური დემოკრატიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულია.
ინსტიტუტის საქმიანობის მიზნებია:
- კონსტიტუციონალიზმის სფეროში სამეცნიერო კვლევებისა და საგანმანათლებლო პროგრამების პოტენციალისა და მნიშვნელობის გაზრდა;
- საკონსტიტუციო სამართლის მეცნიერებაში ჩართული და დაინტერესებული პირებისათვის (მათ შორის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის) სამეცნიერო საქმიანობაში მონაწილეობის ხელშეწყობა.
საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, ინსტიტუტის ფუნქციებია:
- შედარებითი კონსტიტუციონალიზმისა და ეროვნული საკონსტიტუციო სამართლის თემატიკის სამეცნიერო კვლევების ჩატარება;
- სემინარების, კონფერენციების, ტრენინგებისა და კონსტიტუციონალიზმის საზაფხულო სკოლის მოწყობა;
- შესაბამისი პროფილის ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
- საკონსტიტუციო სამართლის სფეროში ქართველ და უცხოელ პარტნიორებთან ერთად ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება;
- სამეცნიერო პუბლიკაციების მომზადება და გამოცემა (მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, სამეცნიერო ჟურნალები);
- სამეცნიერო გრანტებისა და სტიპენდიების მოძიება.
ინსტიტუტის საქმიანობას უზრუნველყოფს ინსტიტუტის ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი.
ინსტიტუტის ხელმძღვანელი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი ბექა ქანთარია.
ინსტიტუტის საპატიო ხელმძღვანელი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი მინდია უგრეხელიძე.
მისამართი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისი, ჩარგლის 73, მე-5 სართული, 515 კაბინეტი.
ელ. მისამართი: science.Law@ciu.edu.ge
ინსტიტუტის გამოცემები
კონსტიტუციონალიზმის ტრილოგიის I ნაწილი „კონსტიტუციონალიზმი - მიღწევები და გამოწვევები“.
2019 წელი, გამომცემლობა „უნივერსალი“
სამეცნიერო რედაქტორები და გამომცემლები მინდია უგრეხელიძე და ბექა ქანთარია
მოკლე აღწერა
წიგნი მრავალმხრივ არის საგულისხმო. მას ერთდროულად გლობალური მნიშვნელობაც აქვს და ლოკალურიც. გლობალურობის მასშტაბს ანიჭებს პრობლემატიკისა თუ თემატიკის მოცულობა და განზომილება, აგრეთვე ავტორთა ფართო შემადგენლობა, რომელთაც გაბედულად შეიძლება ეწოდოს ჩვენი დროის რჩეულ კონსტიტუციონალისტთა თანავარსკვლავედი. რაც შეეხება პროექტის ლოკალურ განზომილებას, იგი უტყუარად ადასტურებს, რომ საქართველოში კონსტიტუციონალიზმისადმი ინტერესი და საკონსტიტუციო სამართლის მიმართულება არა მარტო მზარდია, არამედ აშკარა აღორძინებას განიცდის. წიგნი ნათელყოფს წარმოდგენილი კვლევების დიდ შემეცნებით ღირებულებას, განსაკუთრებით სამართლის მეცნიერების შემსწავლელი ახალგაზრდებისთვის. თუმცა არც მოწიფული მკვლევრებისთვის არის იგი ნაკლებად სასარგებლო. თუნდაც ის რად ღირს, რომ კრებულში უამრავი უახლესი წყაროა გამოყენებული და გაანალიზებული.
საორგანიზაციო კოლეგია: თამთა წირქვაძე, ანუკი წივწივაძე, მარიამ გოგავა და დიმიტრი ცანავა.
წიგნი ხელმისაწვდომია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
მამარდაშვილის დარბაზი 342.4/კ-736 საარქივო ფონდი F 1.678/5, P 1.119/5
კონსტიტუციონალიზმის ტრილოგიის II ნაწილი
„საკონსტიტუციო იდეები და პროცესები ქართულ პუბლიცისტიკაში - ბრძოლა კონსტიტუციური დემოკრატიისათვის (1990-1995)“.
2020 წელი. გამომცემლობა „უნივერსალი“
კონცეპტუალური გააზრება, შესავალი წერილი და სამეცნიერო რედაქცია მინდია უგრეხელიძის, პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი ბექა ქანთარია
მოკლე აღწერა
კრებულში თავი მოიყარა ყველა იმ პუბლიცისტურმა წერილმა, ინტერვიუმ თუ სტატიამ, რომლებიც იმდროინდელ საკონსტიტუციო რეფორმას ასახავს.
ტრილოგიის მეორე ტომი წარმოადგენს 1995 წლის კონსტიტუციის წინმსწრებ ანარეკლს ქართულ პუბლიცისტიკაში და საკონსტიტუციო საკითხების მემატიანეა, რომელიც იმდროინდელი ქართველი ჟურნალისტების, კონსტიტუციონალისტების, ისტორიკოსების, პოლიტოლოგების, საზოგადო მოღვაწეებისა და საკონსტიტუციო საკითხებით დაინტერესებული ჩვეულებრივი მოხალისეების, მათ შორის უცხოელი ექსპერტების მიერ დაიწერა. კრებულში ფართოდაა ასახული ასევე საკონსტიტუციო პროცესები, რომლებიც საქართველოს პარლამენტში, საკონსტიტუციო კომისიასა და პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში მიმდინარეობდა.
სარედაქციო-საგამომცემლო ჯგუფი:
ბექა ქანთარია, თამთა წირქვაძე
დიმიტრი ცანავა, ელენე ბაღათურია, ლანა ონიანი, ლიკა ჯაფარიძე, ნინო ხურციძე (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები).
წიგნი ხელმისაწვდომია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
წიგნთსაცავი K 3.538/5, K 3.539/5
მამარდაშვილის დარბაზი 821.353.1-92/ს-196
საარქივო ფონდი F 1.746/5, P 1.175/5
კონსტიტუციონალიზმის ტრილოგიის III ნაწილი „პირველი ქართული კონსტიტუციის 100 წელი“.
2021 წელი. გამომცემლობა „უნივერსალი“
კონცეპტუალური გააზრება, საერთო რედაქცია და მოწინავე წერილი მინდია უგრეხელიძის, პროექტის ავტორი და საგამომცემლო მენეჯერი ბექა ქანთარია
მოკლე აღწერა
პროექტი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერითა და უშუალო მონაწილეობით განხორციელდა.
წიგნი იწყება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის საზეიმო მილოცვებით.
კრებული ქართული სამართლის მეცნიერების უახლეს ისტორიაში, თემატიკისა და ავტორთა კოლექტივის მასშტაბურობით, უნიკალური მოვლენაა. კრებულში 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტი და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია წარმოდგენილია ქართულ, აფხაზურ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და იტალიურ ენებზე.
კრებულში წარმოჩენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და წარმოდგენილია მოქმედი მოსამართლეებისა თუ სასამართლოს მაღალი რანგის წარმომადგენელთა მისალოცი წერილები/მოსაზრებები.
წიგნში წარმოდგენილია შემდეგი საზღვარგარეთული უნივერსიტეტების წარმომადგენლები: ვაშინგტონის უნივერსიტეტი, ბაიროითის უნივერსიტეტი, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი, ზაარლანდიის უნივერსიტეტი, ბოლონიის უნივერსიტეტი, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, გეტინგენის ავგუსტუსის უნივერსიტეტი, ბონის ვილჰელმის უნივერსიტეტი, სორბონის უნივერსიტეტი, ბრემენის უნივერსიტეტი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი, დიუსელდორფის ჰაინეს უნივერსიტეტი, ლაიფციგის უნივერსიტეტი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, კიოლნის უნივერსიტეტი, ჰამლაინის უნივერსიტეტი, იენის შილერის უნივერსიტეტი, ჰარვარდის უნივერსიტეტი, ჩიკაგოს უნივერსიტეტი, ციურიხის უნივერსიტეტი, ტიუბინგენის უნივერსიტეტი, გრაცის უნივერსიტეტი, შტაინბაისის უნივერსიტეტი, უნივერსიტეტი პარიზი 2, ისლანდიის უნივერსიტეტი, პეტერბურგის უნივერსიტეტი.
წიგნში წარმოდგენილია მსოფლიოს შემდეგ სახელმწიფოთა წარმომადგენელი: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ავსტრია, შვეიცარია, უკრაინა, უნგრეთი, ისლანდია, რუსეთი.
კრებულში შესულია 1990-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების მიერ მიღებული საკონსტიტუციო შინაარსის აქტები ქართულ და ინგლისურ ენებზე, სადაც საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია მოხსენიებულია როგორც ქართული კონსტიტუციონალიზმის თავდაპირველი წყარო. კრებულში ასახულია ასევე უცხოელ და ქართველ მეცნიერ-მკვლვართა სამეცნიერო შრომები როგორც საკონსტიტუციო, ისე ზოგადად სამართლის ფუნდამენტურ საკითხებზე. საიუბილეო კრებული, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს პირველი ქართული კონსტიტუციის პოპულარიზაციას თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში, ხოლო, მეორე მხრივ, ქართული საკონსტიტუციო სამართლის დამოუკიდებელი სკოლის აღორძინებას.
გამოცემაზე მუშაობდნენ:
ანუკი წივწივაძე (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი)
თამთა წირქვაძე, ბაია თოლორდავა, თემურ წურწუმია (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის სტუდენტები)
დიმიტრი ცანავა, ელენე ბაღათურია (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები)
წიგნი ხელმისაწვდომია: საქართველოს პარლამენტი ეროვნული ბიბლიოთეკა
ქართველოლოგია K 3.355/5 0
საარქივო ფონდი F 1.809/5, P 1.233/5
კონსტიტუციონალიზმის ტრილოგიის ავტორებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო პრემია „თამარი“ გადაეცათ
2022 წლის 3 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო პრემია „თამარის“ რიგით მესამე დაჯილდოება გაიმართა. ცერემონიას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
სამეცნიერო პრემია „თამარი“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა 2017 წელს დააფუძნა და ის უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერებს კონკურსის წესით, სამეცნიერო აქტივობების საფუძველზე, ორ წელიწადში ერთხელ ენიჭებათ. პრემიას სახელი საქართველოს მეფის - თამარის პატივსაცემად ეწოდა. ინიციატივა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით განხორციელდა.
სამეცნიერო დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სამეცნიერო პრემია „თამარი“ გადაეცათ სამართალმცოდნეს, იურისტს, მეცნიერსა და პოლიტიკოსს მინდია უგრეხელიძეს და სამართლის დოქტორს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აფილირებულ პროფესორს ბექა ქანთარიას.
გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები და სპეციალურად შექმნილი „თამარის მედლები“ გადაეცათ.
წყარო: www.culture.gov.ge
„Liber Amicorum - მინდია უგრეხელიძე 80“ 2022 წელი, გამომცემლობა „უნივერსალი“
მასალები მოიძია, რედაქციულად დაამუშავა და გამოსაცემად მოამზადა ბექა ქანთარიამ
მოკლე აღწერა
წიგნი მკითხველს ღვაწლმოსილი ქართველი იურისტის, აკადემიკოს მინდია უგრეხელიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოუთხრობს.
წიგნში წარმოდგენილი დოკუმენტური და საარქივო მასალა, ბიოგრაფიული დეტალების გარდა, ქართული სახელმწიფოსა და სამართლის, ქართული კონსტიტუციონალიზმის სფეროში არსებულ უახლეს ისტორიას ასახავს. ქართული იურიდიული მეცნიერების სხვადასხვა დარგის განვითარებისა და დიპლომატიის ისტორიის გარდამტეხ ეტაპებთან ერთად, წიგნი აცოცხლებს იმ გზას, რომელიც საქართველოსთვის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ევროპულ სამართლებრივ სივრცეში გაიხსნა. მინდია უგრეხელიძე იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პირველი ქართველი მოსამართლე და ევროსაბჭოს ამ წამყვან ინსტიტუტთან საქართველოს სამართლებრივი თანამშრომლობის ერთ-ერთი ფუძემდებელი. იგი სხვადასხვა დროს გახლდათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, „იურისტთა მსოფლიო ასოციაციის“, „სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაციისა“ და „ვენეციის კომისიის“ წევრი, ასევე, 2009 წლიდან ევროსაბჭოს სისტემაში მოქმედი თბილისის პოლიტიკური სკოლის ექსპერტი.
ქართული იურიდიული მეცნიერების განვითარებას დღეს მინდია უგრეხელიძე იუსტიციის სამინისტროში მინისტრის მრჩევლის სტატუსითაც განაგრძობს. ის სამინისტროს ორენოვანი სამეცნიერო ჟურნალ „იუსტიციის“ რედაქტორია, რომლის მიზანი მეცნიერებაზე დაფუძნებული კანონმდებლობის განვითარება და სამართლებრივ საკითხებზე აკადემიური დისკუსიის გაღრმავებაა. ცნობილი მეცნიერი აქტიურად მონაწილეობს სამართალშემოქმედებით პროცესში სამეცნიერო პოტენციალის მოზიდვაშიც, რაც იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.
გამოცემაზე მუშაობდნენ:
ანუკი წივწივაძე (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი)
თამთა წირქვაძე, ბაია თოლორდავა (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის სტუდენტები)
დიმიტრი ცანავა, ელენე ბაღათურია, ლიკა ჯაფარიძე, რევაზ ბერულავა (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები)
წიგნი ხელმისაწვდომია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
ქართველოლოგია K 3.544/5 0
საარქივო ფონდი F 1.916/5
„საქართველოს კონსტიტუციის პროექტები (1993-1995)“
2022 წელი, გამომცემლობა „უნივერსალი“
მასალები მოიძიეს, რედაქციულად დაამუშავეს და გამოსაცემად მოამზადეს მინდია უგრეხელიძემ და ბექა ქანთარიამ
მოკლე აღწერა
- კონსტიტუციის პროექტების სისტემური და თემატური მხრივ გამოცემა უადვილებს ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიით დაინტერესებულ მკვლევრებს მათ მოძიებას, მითუმეტეს, რომ მათ შესახებ ჩვენს სამეცნიერო წრეებში ცოტა ინფორმაციაა.
- მთავარი, რაც უნდა გამოიკვეთოს, ისაა, რომ ესენი წარმოადგენს პროექტებთან ერთად კონსტიტუციური მშენებლობის პროცესში აქტიურად ჩართული პოლიტიკური ორგანიზაციებისა და მათი წარმომადგენლების, ასევე საზოგადოების ცალკეული წევრების ძალიან მნიშვნელოვან კონცეპტუალურ მოსაზრებებსა და შეხედულებებს საქართველოს მომავალი კონსტიტუციური მოწყობისა და ადამიანის ძირითადი უფლებების შესახებ, თუ როგორ ესახებოდათ მათ 70 წლიანი ტოტალიტარული რეჟიმის შემდეგ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მოდელი.
- პროექტები ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უკავშირდება სისხლხორცეულად კონსტიტუციური აზრი ქართულ რეალობას, რომ ქართველ ერს ოდითგანვე წადდა კლასიკური და ლიბერალური კონსტიტუციონალიზმის იდეალებთან ზიარება. პროექტებში ჩანს იმდროინდელი ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის ცოდნა საკონსტიტუციო საკითხებზე.
- საინტერესო და მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კონსტიტუციის პროექტები მმართველობის ფორმის მხრივ არ არიან ერთფეროვანნი. აქ წარმოდგენილია სახელმწიფოს კონსტიტუციური მოწყობის თითქმის ყველა ის სისტემა, რომლებიც მსოფლიოშია აღიარებული, გარდა აბსოლუტური მონარქიისა.
- პროექტებში შეინიშნება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სულისკვეთება, რაც ესოდენ ფასდაუდებელია ქართველი ერისათვის: ქართული ტრადიციების, ეროვნული ღირებულებებისა და სულიერი ფასეულობებისადმი პატივისცემა და მათი დაცვის კონსტიტუციური სტანდარტების დამკვიდრება.
- პროექტების გამოცემა მარტო იმითაც არის საინტერესო და საყურადღებო, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ისინი საფუძვლად დაედო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ 1995 წლის ივლისში წარმოდგენილ პროექტს, რომელიც ცვლილებებითა და დამატებებით მიიღეს 1995 წლის 24 აგვისტოს. ამას მკითხველი უმალ მიხვდება, თუ მოახდენს პროექტების ცალკეული მუხლების შედარებას 1995 წლის კონსტიტუციის თავდაპირველ და შემდგომდროინდელ რედაქციებთან.
- არანაკლებ საინტერესოა ის გარემოება, რომ წარმოდგენილი პროექტების უმრავლესობა თავიანთ პრეამბულებში ცალსახად აცხადებენ, რომ ისინი ეფუძნებიან საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის დებულებებს, განსაკუთრებით ადამიანის ძირითად უფლებათა ნაწილში, ან წარმოადგენენ ამ კონსტიტუციის ახალ რედაქციას.
- ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც პროექტების გაცნობის შემდეგ იკვეთება, გახლავთ ის, რომ ისინი ცდილობენ გადაჭრან საქართველოსათვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა: საქართველოს ტერიტორიული მოწყობის საკითხი და ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის სამომავლო პოლიტიკური სტატუსი. ამ საკითხთან მჭიდროდაა დაკავშირებული პარლამენტის ორპალატიანი მოდელი, რომელსაც თითქმის ყველა პროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.
- საგულისხმოა ის, რომ აქ წარმოდგენილი პროექტები არ არის ამომწურავი, რასაც ადასტურებს 1994 წელს ჩიკაგოს შეხვედრის ფარგლებში შემუშავებული პროექტის (ე.წ. „ჩიკაგოს პროექტი“) გაქრობის (დაკარგვის) ფაქტი. აღნიშნული პროექტი დღემდე დაკარგულად ითვლება. ჩვენი დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მას ვერ მივაკვლიეთ.
- თითოეული პროექტის წარმომდგენმა სუბიექტებმა (პოლიტიკურმა პარტიებმა და ორგანიზაციებმა) დიდი შრომა გასწიეს ამ ტექსტების შესაქმნელად. მათი ერთ წიგნად გამოცემით, ჩვენ მოკრძალებულ პატივს მივაგებთ მათ გარჯას.
კრებულში გამოქვეყნებული ტექსტები მოძიებული და გამოყენებულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პერიოდიკის ფონდიდან, ასევე საქართველოს პარლამენტის, საქართველოს ეროვნული და ცალკეულ სამართალმცოდნეთა პირადი არქივებიდან.
„რჩეული ნაწერები“ - მინდია უგრეხელიძის წიგნის პრეზენტაცია
2024 წლის 18 ივნისს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში, სისხლის სამართლის ქართული მეცნიერული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორის, აკადემიკოს მინდია უგრეხელიძის „რჩეული ნაწერების“ პირველი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი როინ მეტრეველი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი, საქართველოს ეროვნული არქივის დირექტორი თეონა იაშვილი, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჟვანია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ წივწივაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ხატიძე, ასევე, აკადემიკოსები, კულტურის, სამეცნიერო და აკადემიური სფეროს მოღვაწეები და სხვა მიწვეული სტუმრები.
წიგნში დაბეჭდილი ნაშრომების დიდი უმეტესობა საზღვარგარეთაა გამოცემული, ჩვენთან კი ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა. მათი უმრავლესობა თინათინ წერეთლისა და ვლადიმერ მაყაშვილის რეკომენდაციით გამოქვეყნდა.
აკადემიკოს მინდია უგრეხელიძის „რჩეულ ნაწერებში“ ასახული იდეები სცდება სისხლის სამართლის საკითხების წმინდა სამართლებრივი ანალიზის ფარგლებს, პრობლემები შესწავლილი და განხილულია სამართლის დოგმატიკის, პოლიტიკის, ფილოსოფიის, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიისა და ეთიკის ფართო სპექტრში.
„რჩეული ნაწერები“ შეადგინა, რედაქციულად დაამუშავა, წინასიტყვაობა დაურთო და გამოსაცემად მოამზადა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კონსტიტუციური დემოკრატიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ბექა ქანთარიამ.
წიგნი გამოქვეყნდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო გამოჩენილი ქართველი იურისტების ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, თინათინ წერეთლისა და ვლადიმერ მაყაშვილის პორტრეტები.