მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2018-ის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით, 28 სექტემბერს, მარან ,,კოლხში“, ღვინის დეგუსტაციის მასტერკლასი ჩატარდა.
მასტერკლასს, კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, აგრარულ მეცნიერებათა მაგისტრი, ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის წევრი და საერთაშორისო კატეგორიის სომელიე, (WSET-ის მეორე დონე) - საბა ქიტიაშვილი უძღვებოდა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე, შეკრებილ აუდიტორიასთან საქართველოში ვაზისა და ღვინის ისტორიული ნაწილი, ასევე კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა - შენგელი კიკილაშვილმა მიმოიხილა.
ღვინის ორგანოლეპტიკური შეფასება ფიზიკო-ქიმიურ მაჩვენებლებთან ერთად ღვინის ხარისხის განსაზღვრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესია. მასტერკლასზე, საბა ქიტიაშვილმა არომატების წარმოქმნაზე, ღვინის გემოვნურ თვისებებზე, აღქმის ზღვრებზე, დეგუსტაციისთვის საჭირო გარემოპირობებზე, ღვინის სწორ დახასიათებაზე და ღვინის შეფასების თანმიმდევრობაზე ისაუბრა.
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2015 წლიდან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით იმართება. წლევანდელ ფესტივალში, რომელიც 22 სექტემბრიდან დაიწყო და პირველი ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიც აქტიურად მონაწილეობს.
შეგახსენებთ, რომ ფესტივალის ფარგლებში გამართულ დეგუსტაციის მასტერკლასზე დასწრება სტუდენტებს, აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ პირებს შეეძლოთ.